ორი პირი დააკავეს მაღაროში აფეთქების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'11 / 15:33

სამართალდამცავებმა ორი პასუხისმგებელი პირი დააკავეს 22 იანვარს ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ერთი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ოთხი დაშავდა.

დაკავებულები არიან: ედემ სტურუა, სამუშაო უბნის ხელმძღვანელი და გიორგი დევდარიანი, სავენტილაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ "დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით“ მომხდარ აფეთქებას.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 240–ე მუხლით, რომელიც სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება. "გამოძიება გრძელდება და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სხვა ხელმძღვანელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მიმართაც გატარდება ანალოგიური ღონისძიებები,“– განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა 26 იანვარს. 

ტყიბულის მაღაროს, სადაც 2010 წელს მომხდარ ორ აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა, საქნახშირი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

22 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განცხადებები გააკეთა მაღაროს მმართველი კომპანიის და მისი მფლობელის წინააღმდეგ, რომელთა დასკვნებსაც სრული უნდობლობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მათ მორიგი აფეთქება არ უნდა შერჩეთ.

პრეზიდენტის თქმით, წინა აფეთქების დროსაც ყველაფერი დააბრალეს "მსხვერპლს“, თუმცა პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მაღაროს ხელმძღვანელობის "დანაშაულებრივი ქმედება“ გამოავლინა.

"ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში – ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ეს გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო,“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

Civil.Ge © 2001-2024