მთავრობა ‘30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერის’ დარიგებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Feb.'11 / 19:10

ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერის დარიგების შემდეგ, მთავრობა „თითოეული ოჯახისთვის“ 30–ლარიანი ვაუჩერის დარიგებას დაიწყებს საკვებზე ფასების ზრდის შემსუბუქების მიზნით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავრობა "30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერების“ დარიგებას მარტიდან დაიწყებს.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალი დონის გამო ბევრი ადამიანი უიმედობამ შეიპყრო.
 
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ იმედი დავუბრუნო,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ეს სასოწარკვეთა არ არის მხოლოდ საქართველოში და მთელი მსოფლიო მოიცვა“.

"მე არ ვაპირებ, რომ ყველაფერი გლობალურ პროცესებს დავაბრალო,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ფასების ზრდისგან და საზოგადოება იყოს დაცული,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ გარდა მონეტარული ზომებისა, მთავრობა "მცირე დახმარებას“ უზრუნველყოფს 20–ლარიანი ენერგოვაუჩერებისა და დაგეგმილი 30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერების ჩათვლით.

 

Civil.Ge © 2001-2024