მედვედევი საქართველოზე მიუთითებს სოჭის ოლიმპიადის საფრთხეებზე საუბრისას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Feb.'11 / 11:37

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექტსში საქართველო მოიხსენია.

"ის ძალები, რომლებიც ხელს შეუშლიან ოლიმპიადის ჩატარებას, უნდა გამოვავლინოთ და პასუხისგებაში მივცეთ, თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. თქვენ თავად ყველაფერი გესმით, რომ აქ გარკვეული პრობლემებიც არსებობს, რომლებიც ჩვენს მეზობელს, საქართველოს უკავშირდება. ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოების, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი ის, რაც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისი წინაღობა უნდა აიგოს ნებისმიერი პროვოკაციების გზაზე,“ – განაცხადა მედვედევმა 18 თებერვალს.

მან ეს განცხადება სოჭში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ყარაჩაი–ჩერქეზეთის რესპუბლიკის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსმა ვალერი ოსტროვეცკიმ განაცხადა 16 დეკემბერს, რომ საქართველო რუსეთთან საზღვრების მახლობლად სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, რაც, პირველ რიგში, სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისკენაა მიმართული.

ქართველი დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტის საგარეო áƒ£áƒ áƒ—იერთობათა და áƒ“იასპორის საკითხთა კომიტეტებიდან, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიიდან ნოემბერში განიხილეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პოზიცია სოჭში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. მართალია, რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ "საჭიროა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გამართვის აუცილებლობაში“.

აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტორის გარდა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები "იმართება იმ ადგილას, რომელსაც ჩერქეზთა გენოციდის ადგილად მიიჩნევენ“.

"ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად კი, შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა,"– განაცხადა წიკლაურმა.

ასევე ნოემბერში საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პირადად იგი იზიარებს იმ ქართველი დეპუტატების განწყობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას სოჭში.

"მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებ პარლამენტის წევრებს, რადგანაც მესმის მათი განწყობა, მესმის, თუ რატომ ფიქრობენ ისინი, რომ რუსეთი არ იმსახურებს იყოს ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, ვინაიდან ოლიმპიური მოძრაობა რაღაც განსხვავებულია იმისგან, რის დემონსტრირებასაც რუსეთი დღეს ახდენს,“ – განაცხადა ბარამიძემ.

საქართველოს ოფიციალურად სურდა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს უჭერდა მხარს.

”ოლიმპიური თამაშები სოჭში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს რეგიონში, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტებთან. ამ კუთხით [ოლიმპიური თამაშები] დადებითი სტიმული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისთვის,"- განაცხადა სააკაშვილმა მაშინ.

 

Civil.Ge © 2001-2024