ავღანეთში ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი დაიჭრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'11 / 13:21

ავღანეთში სამხედრო დავალების შესრულების დროს კაპრალი გიორგი ავალიანი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა, ხოლო ორი კაპრალი  ნიკოლოზ დეისაძე  და ედნარ აბულაძე დაიჭრა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 22 თებერვალს.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში 32–ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა, ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. გიორგი ავალიანს სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის.

ამ შემთხვევამ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა მსხვერპლი ექვსამდე გაზარდა. ხუთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა ოპერაციას შარშან სექტემბრის დასაწყისსა და ბოლოსკენ მომხდარი ინციდენტების დროს.

საქართველომ შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, აშშ-ის მეთაურობის ქვეშ 2010 წლის აპრილში გააგზავნა, რითაც ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ავღანეთში, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. პირველად საქართველომ ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ, ერთი ასეული 2009 წლის ნოემბერში გააგზავნა.

Civil.Ge © 2001-2024