მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის დაჩქარებულ განხილვას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'11 / 16:53

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დანაწევრების ხარჯზე მისი ფუნქციების უმეტესობა ენერგეტიკის სამინისტროს შემადგენლობაში მოიყრის თავს, ხოლო ნაწილი ფუნქციებისა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის გადანაწილდება.

მთავრობა აღნიშნული რეორგანიზაციის ინიციატივის დაჩქარებულ განხილვას თხოვს პარლამენტს, სადაც უკვე ინიცირებულია სქელტანიანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, მთლიანობაში, 45 კანონში ითვალისწინებს შესწორებების შეტანას.

რეორგანიზაციის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, საბოლოო ვარიანტში დამატებითი ცვლილებებია შესული.

პროექტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროსგან ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან, გეოლოგიურ საშიშროებასა და გეოლოგიური გარემოს მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებას.

გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "სატყეო სააგენტო“ და ენერგეტიკის სამინისტროს ამჟამინდელი შემადგენელი "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“ გაერთიანდება "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ სახელის ქვეშ და ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარება.

ასევე ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს და ორი თვის ვადაში ლიკვიდირებულ იქნას გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები "გარემოს დაცვის ინსპექცია“ და "საგამოძიებო დეპარტამენტი“.

ენერგეტიკის სამინისტროში მოიყრის თავს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ის ფუნქციები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებას უკავშირდება.

შედეგად, ჩამოყალიბდება გაძლიერებული უწყება სახელწოდებით – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა "დაცული ტერიტორიების სააგენტო".

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროსაგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკურაციო სფეროში გადავა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ასევე ნიადაგის კონსერვაციასთან და ნაყოფიერების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოში მოიყრის თავს გარემოს დაცვის სამინისტროს ის ამჟამინდელი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება მიწის მიზნობრიობის შეცვლას, ტყის ფონდის საზღვრების დადგენას, მის გაზრდას ან შემცირებას. 

პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია გახდება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის. 

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 22 თებერვალს áƒ›áƒ—ავრობის სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენ შევაჯერეთ ყველასთან“ და რომელიც "ბევრად უფრო ეფექტურად იმოქმედებს“.

მისი თქმით, რეორგანიზებულ გარემოს დაცვის სამინისტროს "უფრო მკაცრი კონტროლის ფუნქცია ექნება, რადგანაც გარემოს დაცვით საკითხებზე იქნება კონცენტრირებული და ფოკუსირებული“.

გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს გარემოსდამცველმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობას ფართო დისკუსიისკენ მოუწოდეს. "გარემოსდაცვითი სექტორისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც  ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ,“– განაცხადა 29 ორგანიზაციამ.

დეპუტატების თქმით, საპარლამენტო განხილვებში სფეროს ექსპერტებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში დაავალა მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში არსებული ”სისტემური კორუფცია”.

Civil.Ge © 2001-2024