პარლამენტმა ავღანეთში ქართველ არტილერისტთა ჯგუფის გაგზავნას დაუჭირა მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'11 / 18:03

პარლამენტმა 22 თებერვალს მხარი დაუჭირა ქართველ არტილერისტთა 11–კაციანი ჯგუფის გაგზავნას ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში.

ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც ოპერაციაში მონაწილე 950–კაციან ქართულ კონტიგენტს დაემატებიან, ავღანურ შეიარაღებულ ძალებს გაწვრთნიან.  ისინი საფრანგეთის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმსახურებენ და მათი როტაციის ვადა ხუთი–ხუთ ნახევარი თვე იქნება.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის და ორი კაპრალის დაჭრის შესახებ. ამ უკანასკნელმა შემთხვევამ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა მსხვერპლი ექვსამდე გაზარდა.

კენჭისყრის წინ პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივის მიაგო დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 თებერვალს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დამატებითი ძალები გააგზავნოს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში. გასულ ნოემბერს მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში მისიის დასრულებამდე იქნება წარმოდგენილი.

Civil.Ge © 2001-2024