თბილისის თქმით, ტორშინის განცხადება "სრულიად უსაფუძვლოა"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'11 / 13:24

დომოდედოვოს ტერაქტთან საქართველოს კავშირზე რუსეთის  ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ტორშინის "სრულიად უსაფუძვლო“ და "ციდან მოტანილი“ განცხადების "მიღმა უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 28 თებერვალს.

ტორშინმა რუსულ გაზეთ "როსიისკაია გაზეტა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ამ აფეთქების უკან ისლამისტი მებრძოლები დგანან.

“აქ არის საუბარი ძალიან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება,“– განაცხადა კალანდაძემ áƒáƒ áƒ¨áƒáƒ‘ათის áƒ‘რიფინგზე, "მითუმეტეს აქ ვსაუბრობთ სრულიად უსაფუძვლო განცხადებაზე –  თვითონ რუსული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც არცერთი მინიშნება არ გაკეთებულა იმაზე, რომ რაიმე სახის კვალი შეიძლება საქართველოდან მოდიოდეს“. 

“მითუმეტეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ სპეცსამსახურებზე, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად უფრო მეტად გაწაფულნი არიან მეზობელი ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობით, რაც განსხვავებით ამ განცხადებისგან, დასაბუთებულად და მტკიცებულებების საფუძველზე არსებობს და შეიძლება რომ ხელი დაედოს. რასაკვირველია ამ გაცხადების მიღმა უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მიერ მიცემული ინტერვიუ და მისი პირადი მოსაზრებაა,“– აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რა შემოდგომაზე საქართველოში მომხდარი აფეთქებები, რომლებიც  თბილისმა "რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებად“ შეაფასა.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ასევე დაგმეს ალექსანდრე ტორშინის განცხადება და მას "უსინდისო ბოდვა“ უწოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "არანაირი კავშირი საქართველოს ტერორთან არ აქვს და არც ექნება“. მისი თქმით, თბილისი "მართლაც ტერორისტი და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების“ წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ დიპლომატიურ მეთოდებს იყენებს.

“ჩვენ ამ ბრძოლაში ვიყენებთ ყველა იმ საშუალებას და რესურსს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც არის აბსოლუტურად გამართლებული საერთაშორისო სამართლით,“– აღნიშნა გაბაშვილმა.    

Civil.Ge © 2001-2024