ვმო–ზე საქართველოს და რუსეთის მოლაპარაკებები ამ კვირაში განახლდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'11 / 12:37

მიმდინარე კვირას, ბერნში მოსკოვის თხოვნით განახლდება მოლაპარაკებები თბილისთან რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ 7 მარტს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

“რუსეთის მხარიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით,“– განაცხადა მან, "მოგეხსენებათ ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას და საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ბერნში ამ მოლაპარაკებებზე, თუ არ ვცდები 9–ში თუ 10–ში [მარტს]“.

“რაც შეეხება პოზიციის დეტალებს, ამაზე მოლაპარაკებების წინ საუბარი არ არის მიღებული და სწორი არ იქნება,“– აღნიშნა მან.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დროს რამოდენიმეჯერ გაიმეორეს, რომ საქართველო მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უზრუნველყოფს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭირვალობას“.

მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა 4 მარტს განაცხადა, რომ ვმო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ერევა, თუმცა მისთვის რუსეთის ამ ორგანიზაციაში შესვლა ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სურვილია აქცენტი ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე გააკეთოს ისე, რომ საკითხი "უფრო ფართო დებატის“ საგანი არ გახადოს.

Civil.Ge © 2001-2024