სააკაშვილი: მთავრობა უნდა გადაიქცეს 'აგრარულ მთავრობად'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'11 / 13:39

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი უნდა გადაიქცეს აგრარულ მთავრობად, რომელიც 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა უზრუნველყოს "შუასაუკუნეების სოფლის მეურნეობიდან 21–ე საუკუნის სოფლის მეურნეობაზე გადასვლა“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

“ამას ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში 2015 წლამდე, ამას ჩვენ შევძლებთ უახლოესი 12–18 თვის განმავლობაში, ვნახავთ რომ შევძლებთ, ოღონდ უნდა ძალიან მოვინდომოთ რომ... ეს ამბიციური პროგრამა ყველამ ერთად განვახორციელოთ,“– განაცხადა მან 8 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აგრარულ სექტორში "დიდი სამუშაოა გაწეული“, ძალიან ბევრი დრო დაიკარგა, ვინაიდან "გვეგონა“, რომ ეს სფერო "თავისით განვითარდებოდა“.

“როგორც აღმოჩნდა სახელმწიფოს აქტიური, მიზანმიმართული, პირდაპირი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, კონკრეტული შედეგების მიღწევა ძალიან ნაკლებ სავარაუდოა და ნაკლებ შესაძლებელია,“– განაცხადა მან. 

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის "ნამდვილ სამხედრო შტაბად ქცევა“, რათა "სასწრაფოდ მოხდეს სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის, ნაყოფიერების ამაღლება“.

“ეს უნდა იყოს საქართველოს აგრარული მთავრობა,“– განაცხადა მან, „მთავრობა, რომელიც ჯერ ერთი, დღენიადაგ იმუშავებს იმაზე, რომ მოქალაქეები ბოლომდე კარგად გამოკვებოს და მეორე, საქართველოს დაუბრუნებს მის დასახელებაში ჩადებულ ძირითად მნიშვნელობას – იცით რომ ბერძნულად საქართველო ნიშნავს მიწადმოქმედების ქვეყანას  – და  ახლა აქცევს საქართველოს მიწას იმად, რაც გამოკვებავს საქართველოს და ასევე იქნება საქართველოს სიმდიდრის წყარო, რადგან გამოკვებავს ასევე სხვა ბაზრებს, შემოიტანს ასევე ამდენად აუცილებელ ფულს საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს ბიუჯეტში“.

“იყო ეს ძველი წარმოდგენა, რომ აგრარული ქვეყანა ეს არის ჩამორჩენილი ქვეყანა. ნურას უკაცრავად! თანამედროვე დროს განვითარებული აგრარული კომპლექსი ეს არის განვითარების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი. ამიტომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე ამ ბრძოლის,“– განაცხადა მან და დასძინა: "ჩვენ ვართ მსოფლიო პროცესების ამ ფონზე ნამდვილ შეჯიბრში დროის წინააღმდეგ, შეჯიბრში მსოფლიო ტენდენციების წინააღმდეგ“.

თებერვალში, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ წელს 150 მლნ ლარით გაიზრდება áƒáƒ’რარული სექტორის დაფინანსება. 2011 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 69.1 მლნ ლარია გამოყოფილი.  

”საქსტატის” მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 2005 წელს არსებული 14.8%-დან 2009 წელს 8.3%-მდე შემცირდა. 2010 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 9%-ს შეადგენდა. 2010 წლის მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობაში 1.8%–იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო იმავე პერიოდში მისი წილი მშპ-ში 8% იყო.

 

Civil.Ge © 2001-2024