მაუწყებელთა ფინანსურ გამჭირვალობაზე ფორმულირებები მზადდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'11 / 18:16

მაუწყებელთა ფინანსური გამჭირვალობის საკითხზე პოზიციები დაახლოებულია, განაცხადეს დღეს დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით დაგეგმილ განხილვამდე ერთი დღით ადრე.  

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ,“– განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან áƒ£áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ”სობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სადაც "გავცვალეთ ჩვენი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება აუდიტის მიერ დასკვნის დადებას კონკრეტულ მედია საშუალების ფინანსებთან დაკავშირებით“.

“იმედი მაქვს რომ ხვალამდე კიდევ პოზიციებს დავაახლოებთ და შესაბამისი ფორმულირებები უკვე აისახება მეორე მოსმენის ტექსტში,“– განაცხადა მან.

ქრისტიან–დემოკრატებიდან დეპუტატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საუბარია საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტებით აუდიტის ჩატარებაზე, რათა "ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თითოეული მაუწყებლის ფინანსების გამჭირვალობას და წარმომავლობას“.

ფინანსური გამჭირვალობა ის ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია, რის გამოც დეკემბერში "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა. დაახლოებით, სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხის განხილვას, რომელიც მედია–მესაკუთრეთა გამჭირვალობის კუთხით ასევე ითვალისწინებს მაუწყებლობის ლიცენზიების ფლობის აკრძალვას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის.

 

Civil.Ge © 2001-2024