პარლამენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებების შემცირებას მხარი დაუჭირა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'11 / 16:39

პარლამენტმა 11 მარტს  áƒ›áƒ”სამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას ითვალისწინებს.

ბუნებრივი რესურსების ნაწილში გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, სადაც ასევე გადავა რესურსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ის ფუნქციები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. ენერგეტიკის სამინისტროს ახალი სახელწოდება იქნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ასევე გადაეცემა სოფლის მეურნეობის (პესტიციდები და აგროქიმიკატები, ნიადაგის კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენა);  იუსტიციის (მიწის მიზნობრიობის შეცვლა, ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, მისი გაზრდა ან შემცირება); და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის (ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება) სამინისტროებს.

საპარლამენტო განხილვების შედეგად, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები, გადაწყდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომლის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარება იყო გათვალისწინებული მთავრობის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ ვარიანტში.

ასევე დამტკიცებული პროექტის თანახმად, უზრუნველყოფილი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს სავალდებულო მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების მოპოვების, კვოტირების და მარაგების დამტკიცების საქმეში. 

მთავრობამ არ გაითვალისწინა დეპუტატებისა და ექსპერტების წინადადება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპეტენციის გარემოს დაცვის სამინისტროში დატოვების შესახებ. ეს საქმიანობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 18 მარტის შემდეგ, მისი გამოქვეყნებისთანავე შევა, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024