მაუწყებელთა გამჭირვალობის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა კვლავ გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'11 / 18:05

მედია მფლობელთა გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე გეგმავდა, მომავალი პლენარული სხდომებისთვის გადაიდო.

მანამდე დეპუტატები შეაჯერებენ იმ ფორმულირებებს, რომლებიც კანონპროექტში დამატებით უნდა აისახოს მაუწყებელთა ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად.

საუბარია მაუწყებლების მიერ საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტებით აუდიტის ჩატარების პრაქტიკის შემოღებაზე, რაზეც დეპუტატების თქმით, „პრინციპული თანხმობა“ არსებობს.

“ვინაიდან ეს არის ახალი ფორმულირებები, საჭირო გახდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელახალი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ, შემდეგ კვირაში იქნება კომიტეტის სხდომა, რომლის შემდეგაც უკვე საბოლოო ფორმულირებები გავა პლენარულ სხდომაზე,“– განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა 11 მარტს საკითხის გადადების მიზეზებზე საუბრისას.

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობას სრულად უკრძალავს, პირველი მოსმენით 7 დეკემბერს მიიღო. თუმცა მას შემდეგ საკითხის განხილვა რამოდენიმეჯერ გადაიდო ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე შეუთანხმებლობის მოტივით.

Civil.Ge © 2001-2024