ავღანეთის მისიას კიდევ ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორი დაჭრილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Mar.'11 / 16:06

5 მარტს ავღანეთში მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად მძიმედ დაჭრილი კაპრალი ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 14 მარტს.

ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გარდაცვალებამდე მკურნალობას გერმანიის ჰოსპიტალში გადიოდა.

კიდევ ორი დაჭრილი, 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს თავდაცვის უწყება, რომელსაც 5 მარტს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გაუვრცელებია.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.

ამ შემთხვევამ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი 7–მდე გაზარდა. ერთი ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში თებერვალში დაიღუპა; შარშან სექტემბრის დასაწყისსა და ბოლოსკენ მომხდარი ინციდენტების დროს ხუთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა ოპერაციას. 

თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმ ინციდენტების შესახებ, რომელთა შედეგადაც ჯარისკაცები áƒ˜áƒ­áƒ áƒ”ბიან და ამიტომ ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აშშ–ის სამხედრო ძალების გაზეთმა The Stars and Stripes, რომელსაც ნაწილობრივ პენტაგონი აფინანსებს, 7 მარტს  გამოაქვეყნა სტატია áƒ˜áƒ› ქართველი ჯარისკაცების შესახებ, რომელთაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები წვრთნიან ავღანეთის ოპერაციისთვის.

სტატიის თანახმად, 2010 წლის აპრილიდან, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდში პირველად განთავსდნენ, სულ 39 ჯარისკაცია დაჭრილი. ინფორმაციის წყაროდ, გაზეთს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ოფიცერი, დან თაილი მოჰყავს, რომელიც ავღანეთში მისიის შესასრულებლად ქართველი ჯარისკაცების წვრთნებს კურირებს.

ავღანეთში ქართული კონტიგენტი 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. მათი საერთო რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950 ჯარისკაცამდე გაიზარდა. 

Civil.Ge © 2001-2024