ბურჯანაძე: მშვიდობიანი რევოლუციისთვის მზად ვართ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Mar.'11 / 19:29

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სხვა გამოსავალს არ დატოვებს, მშვიდობიანი რევოლუციისთვის მზადყოფნა არსებობს.

“ჩვენ ხალხის რაოდენობა გვჭირდება ერთადერთი რამის გამო, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება წავიდეს მშვიდობიანად, წავიდეს უსისხლოდ. დიახ, ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, დღეს რევოლუცია სჭირდება და ჩვენ, თუ სხვა გამოსავალს არ დაგვიტოვებენ, მზადა ვართ ამისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად,“– განაცხადა ბურჯანაძემ.

"ჩვენ არ ვაპირებთ თუნდაც დამნაშავე თანამოძმეზე ხელის აღმართვას, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ჩვენზე ხელს აღმართავს, ძალიან მწარე პასუხს მიიღებს,“– განაცხადა მან და მიმართა პოლიციას და  ჯარს: „ემსახურეთ თქვენს სამშობლოს, თქვენს ხალხს და არა ხელისუფლებას“.  

“ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო და ჩვენ დაგვიდგება მთელი მსოფლიო სამართლიანობისათვის ბრძოლაში ისე, როგორც დაუდგა მთელი მსოფლიო ეგვიპტელ და ტუნისელ ხალხს გვერდით,“– განაცხადა მან.

ეს განცხადება ბურჯანაძემ სახალხო კრების თბილისის ორგანიზაციის ხალხმრავალ შეკრებაზე 15 მარტს, ვერის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში გააკეთა.

სახალხო კრების თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა ამ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ კრება მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულის შემდგომი "ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე“ იწყებს "ბრძოლის გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს“.

“გამოვაცხადებთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას. ამ დღისთვის მთელი საქართველო მზად უნდა იყოს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველოს ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან არ გავათავისუფლებთ,“– განაცხადა მან სახალხო კრების გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო კრება მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, "ვისაც რეალურად უნდა ამ რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება და ვინც არ გაურიგდება ხელისუფლებას“.

ნოემბერში გამართული პირველი აქციის შემდეგ სახალხო კრებამ სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტების შექმნა დაიწყო; ასევე ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ორგანიზაცია; და "შეფიცულთა“ ჯგუფები, მათი თქმით, "ხელისუფლების უკანონობისა და ძალადობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით“.

“ჩვენ ყველანი გადავდივართ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე, ცხადდება სრული მობილიზაცია, ჩვენმა ხმამ უნდა შეაღწიოს ყველა ოჯახში,“– განაცხადა გაფრინდაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024