სააკაშვილი გენერალ პეტრეუსს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Mar.'11 / 12:26


პრეზიდენტი სააკაშვილი 15 მარტს ვაშინგტონში ავღანეთში აშშ–ის და ნატოს ძალების მეთაურს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა.

ავღანეთში აშშ–ის და ნატოს ძალების მეთაური, გენერალი დევიდ 
პეტრეუსი საქართელოს 31–ე ბატალიონის ჯარისკაცებს ხვდება
ჰელმანდის პროვინციაში, 2010 წლის 6 სექტემბერს. ფოტო: ISAF 

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გენერალმა პეტრეუსმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს და მის ჯარისკაცებს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და áƒáƒ›áƒ”რიკელმა áƒ’ენერალმა არა მხოლოდ ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს წვლილზე ისაუბრეს, არამედ "ზოგადად მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და გლობალური საკითხები, რომელთაც უშუალოდ საქართველოზეც და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რა თქმა უნდა, გავლენა ექნებათ“.

იმ ქართველი ჯარისკაცის ჩათვლით, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გავრცელდა, სულ 7 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა. 
 
"ყოველი ასეთი დანაკარგი ჩემთვის არის პირადი ტრაგედია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალ პეტრეუსთან შეხვედრის შემდეგ, "მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცები ასრულებენ საქართველოსთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან მისიას; ეს არის საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავლის საკითხი ასევე“. 

Civil.Ge © 2001-2024