თბილისში აშშ-ის დაფინანსებული 100–მილიონიანი ბიოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Mar.'11 / 14:13

საქართველოს და აშშ–ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 18 მარტს თბილისში ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შექმნილი ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია გახსნეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, რომელიც 100 მილიონი დოლარი დაჯდა, მოსახლეობასა და ცხოველებში განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოსაჩენად, აგრეთვე ეპიდემიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევებისთვისაა განკუთვნილი.

ლაბორატორიის გახსნას, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის სახითხებში ენდრიუ ვებერი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და აშშ–ის ელჩი ჯონ ბასი დაესწრნენ.

"რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ შევავსოთ მსოფლიოში არსებული ხვრელები, რაც მოგვცემს საშუალებას უკეთესად დავინახოთ საფრთხის შემცველი დაავადებების წარმოშობის ტენდენციები,“ – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.

"ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიდოდა... ძალიან ბევრი კამათი იყო არა მარტო აქ, არამედ მთავრობის სხდომებზეც. ბოლოს მივიღეთ არაჩვეულებრივი ლაბორატორია, რომელიც რეგიონალური ცენტრია. ეს არ არის მხოლოდ ინვესტიცია, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ნამდვილი გამოვლინება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ რეგიონში ასეთი სტრატეგიული ლაბორატორიის მშენებლობისთვის საქართველო აირჩია,“ – განაცხადა ნიკა გილაურმა.

ბიოლოგიურ კვლევით ობიექტი მთლიანობაში 8 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, საიდანაც 2 500 კვადრატული მეტრი უშუალოდ ლაბორატორიებს ეთმობათ. ცენტრი დაკომპლექტებულია ქართველი და ამერიკელი პერსონალით.

ლაბორატორიის დირექტორია ანა ჟვანია. მას საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე, 16 თვის მანძილზე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით,  ულტრათანამედროვე ერთობლივი ამერიკულ–ქართული ლაბორატორია აქტიურად ითანამშრომლებს ტაილანდში ბანგკოკისა და კენიაში ნაირობის მსგავს ლაბორატორიებთან. საელჩოს თქმით, áƒ”ს ლაბორატორიები, რომლებიც ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან, თავიანთ რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურებიან. áƒ™áƒáƒ•áƒ™áƒáƒ¡áƒ˜áƒ˜áƒ¡ რეგიონში ამ ფუნქციას თბილისში არსებული ლაბორატორია იტვირთებს.  

თუ რა ტიპის კვლევები ჩატარდება ლაბორატორიაში ამის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის მმართველი საბჭო მიიღებს, რომლის შემადგენლობაში შევლენ წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან, აშშ-დან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ოფიციალური პირების თქმით, ლაბორატორია არ იქნება გამოყენებული ბიოლოგიური იარაღის კვლევისთვის.

Civil.Ge © 2001-2024