დეპუტატებს მედიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მიღების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'11 / 11:33

რამდენიმე მედია ორგანიზაციამ და არასამთავრობო ჯგუფმა 21 მარტს მოუწოდეს დეპუტატებს დააჩქარონ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა, მათ შორის ტელემფლობელთა გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება.

ორი კვირის წინ მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ "პრინციპული თანხმობა“ მიღწეული იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა საბოლოო ვარიანტზე.

კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა პირველი მოსმენით მიღებული, მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალავს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობას. ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე შემდგომი კონსულტაციების საჭიროების მოტივით დეკემბერში ამ ცვლილებების საბოლოო დამტკიცება გადაიდო.

11 მარტს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის საბოლოო ფორმულირებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეჯერდებოდა მომდევნო კვირაში, თუმცა ამ საკითხზე დღემდე არანაირი მსჯელობა არ გამართულა. არსებული ინფორმაციით, ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა და ერთიანი პოზიცია არ ჩამოყალიბებულა თავად მმართველი პარტიის შიგნით.

"ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდის“ მიერ 21 მარტს ორგანიზებულ შეხვედრაზე მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ერთობლივი მიმართვა გააკეთა პარლამენტის სახელზე, სადაც მოუწოდეს დეპუტატებს  დააჩქარონ მედიის გამჭირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.

მიმართვა მოუწოდებს პარლამენტს ასევე განიხილოს მედიასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მედიის და იურიდიულ ექსტერთა ჯგუფმა შარშან წარადგინა და რომელიც მთელ რიგ საკითხებს მოიცავს, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების შესახებ – ამ პრობლემის შესახებ ჟურნალისტები სულ უფრო მეტ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

Civil.Ge © 2001-2024