საქართველო ახალი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'11 / 15:00

საქართველო ახალი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს, რომლითაც მოხდება იმ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა დაფარვაც 2013 წელს უნდა მოხდეს, განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს 22 მარტს.

იმავე დღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველო შვიდიდან ათ წლამდე ვადის ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს.

საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი ევროობლიგაციები 2008 წლის აპრილში განათავსა.

ოფიციალური მონაცემებით, ევროობლიგაციების წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვალში 12%–ს აღემატება.

თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი დაახლოებით 7.06 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ნომინალური მშპ–ს 33.9%–ია. ოფიციალური მონაცემებით, ნომინალურმა მშპ–მ 2010 წელს 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

 

Civil.Ge © 2001-2024