პრემიერ–მინისტრმა საპარლამენტო გამოსვლაში ეკონომიკა მიმოიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'11 / 15:45

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მთავარი ამოცანა იყო, რომ თავიდან აეცილებინა "ეკონომიკის ჩამოშლა“, განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს 22 მარტს.

მისი თქმით, ეს მიზანი მიღწეულია და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას 2010 წელს დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6.4%–იანი ზრდით.

გილაურის განცხადებით ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანა "გამოვიდა რეცესიიდან“ და ახლა "ჩვენი მიზანია უფრო მეტი ექსპორტი საქართველოდან და უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვარაუდობს, რომ წელს ეკონომიკის ზრდა იქნება 5–დან 7%–მდე,  იმაზე მეტი, ვიდრე ბიუჯეტშია 4.5%–ის ოდენობით გათვალისწინებული.

თუმცა, პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ისეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა მაღალი ინფლაცია. მისი პროგნოზით, წლის მეორე ნახევარი "ნაკლებად ინფლაციური იქნება“ და ინფლაციის მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრამდე შემცირდება. მან ასევე განაცხადა, რომ შარშან უმუშევრობის „უმნიშვნელო“ – 0.4%–ით შემცირების მიუხედავად, ეს მაჩვენებელი სასურველისაგან ჯერ კიდევ შორსაა.

პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლა იმ ოთხდღიანი მოსმენების ნაწილი იყო, რომლის განმავლობაშიც დეპუტატები მოისმენენ და კითხვებს დაუსვამენ მას და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრებს.

თავის გამოსვლაში ნიკა გილაურმა წარმოადგინა „ქვეყნის სტრატეგიული გეგმა“, რომელიც შემდეგ 10 პუნქტს მოიცავს: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საუკეთესო საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, რეგიონალური სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ხელმისაწვდომი მაღალხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, და ურბანული და რეგიონული განვითარება

პრიორიტეტებს შორის პრემიერ–მინისტრმა დაასახელა საქართველოს გადაქცევა სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად. თუმცა, მან აღიარა, რომ ქვეყანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება არც ისეთი წარმატებულია, როგორც ეს მთავრობას სურს. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელსაც რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი - RAKIA მართავს, მთავრობა არ არის "კმაყოფილი“ მისი განვითარების ტემპით.

Civil.Ge © 2001-2024