პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'11 / 16:36

პარლამენტმა 22 მარტს áƒ“აამტკიცა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გამო მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული გადაჯგუფებიდან.

ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 27.2 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე შემცირდა მისი უფლებამოსილებების შეკვეცის შესაბამისად.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთლიანი დაფინანსება არსებული 204.7 მლნ ლარიდან გაიზარდა და 216.8 მლნ ლარი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უწყებაში ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულმა  კომპეტენციებმა მოიყარა თავი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 115 ათასი ლარით შემცირდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 118 ათასი ლარით გაიზარდა, რადგან ამ უწყებას გარემოს დაცვის სამინისტროსაგან ნაპირდაცვასთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცა. 

ეს საბიუჯეტო ცვლილებები არ მოიცავს ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერებისა და 30–ლარიანი სურსათის ვაუჩერებისთვის ჯამში, დაახლოებით, 50 მლნ ლარის ოდენობით გაწეულ ხარჯს, რაც ბიუჯეტში მისი დამტკიცების დროს არ ყოფილა ასახული.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სამთავრობო კვირეულის ფარგლებში 22 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაუჩერებისთვის თანხა არსებული "რეზერვებიდან“ გამოიყო. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ პენსიის 100 ლარამდე გასაზრდელად, რაც სექტემბრიდან იგეგმება, მთავრობა შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებს წარადგენს პარლამენტში.

 

Civil.Ge © 2001-2024