მმართველი პარტია: ‘ოპოზიციის ულტიმატუმის ენა მიუღებელია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Mar.'11 / 16:56

მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები განაგრძოს, თუმცა ოპოზიციის "ულტიმატუმების“ ენა არ უწყობს ხელს ამ პროცესს და იგი ჩაშლისკენ მიჰყავს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება და მისი "ტონი აბსოლუტურად მიუღებელია“.

ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური რვიანი, რომელიც ერთიანი პოზიციით áƒ’ამოდის მმართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ მან ვერ გამოავლინა პოლიტიკური ნება ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო გარემო. რვა პარტიამ ასევე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, თუ ხელისუფლება "ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს“. მათივე თქმით, ოპოზიციასთან, პირველ რიგში "რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, "ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან“.

"ეს არის მუქარის და შანტაჟის ტონი,“ – განუცხადა პავლე კუბლაშვილმა Civil.ge-ს 24 მარტს, "ისინი გვეუბნებიან: 'ან ყველაფერზე დაგვეთანხმებით, ან მიიღებთ დაძაბულობას' – მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ტონით არ საუბრობენ.“

მისი თქმით, იგი არ დაკავშირებია ოპოზიციას ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც მათი განცხადება გამოქვეყნდა და ვერ იტყვის, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი.

"ისტერიისა და განცხადებაში გამოყენებული ტონის შემდეგ, მათი მომდევნო ნაბიჯები ჩემთვის გაუგებარი რჩება,“ – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მმართველი პარტია მზად არის განაგრძოს დისკუსიები მოლაპარაკებების დროს დაყენებულ "ყველა საკითხზე“.

"ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში,“ – ნათქვამია ოპოზიციური რვიანის განცხადებაში, "ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად“.

ეს ორი საკითხი ერთობლივი განცხადების ის მთავარი პუნქტებია, რომლებიც რვა ოპოზიციურმა áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒáƒ› 2010 წლის ოქტომბერში წარმოადგინა.

მმართველი პარტია ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენას მხოლოდ თბილისში თანხმდება და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.

უთანხმოების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ის ნორმები, რომლებმაც პარლამენტის დაკომპლექტების წესი უნდა განსაზღვროს.

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი პოზიციაა, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი აირჩეს პროპორციული სისტემით; დანარჩენი 75 დეპუტატი კი რეგიონულ–პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5% უნდა იყოს.

მმართველ პარტიას არსებული სისტემის შენარჩუნება სურს იმ მოტივით, რომ თითოეული ოლქი თავისი მაჟორიტარი დეპუტატით უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

 

Civil.Ge © 2001-2024