ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმაზე დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'11 / 16:20

ოთხი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ყველა პოლიტიკურ პარტიას გააგრძელონ ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მუშაობა, რათა "დროულად მოხდეს შეთანხმება“ იმ საკითხებზე, რომლებიც „უზრუნველყოფენ ყველასათვის მისაღებ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას“.

ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობის განახლების პერსპექტივა გაურკვეველი რჩება მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირას მის შეფერხებაში რვა ოპოზიციურმა პარტიამ და მმართველმა პარტიამ ერთმანეთი დაადანაშაულეს. ოპოზიციურმა "რვიანმა" 23 მარტს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი დიალოგის პროცესიდან არ გადიან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას, თუ ხელისუფლება ადეკვატურ წინადადებებს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ეს მოწოდება შეაფასა, როგორც „ულტიმატუმი“, რომელსაც მოლაპარაკებები ჩაშლისკენ მიჰყავს.

დიალოგის პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს "კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული“ და არ ხელმძღვანელობდეს "ვიწრო პარტიული ინტერესით“, ნათქვამია 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ახალი თაობა ახალი ინიციატივა; და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – ორგანიზაციები, როლებიც დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ნოემბრიდან დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს.

მიმართვის ავტორები ურჩევენ პოლიტიკურ ძალებს, რომ გამოკვეთონ ის ძირითადი პრინციპული საკითხები, რომელთა ირგვლივაც უნდა მოხდეს პოზიციათა შეთანხმება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები დროულად აისახოს საარჩევნო კოდექსში და შესაძლებელი გახდეს არჩევნებისათვის სათანადო მომზადება.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭოს იმ ოთხი ფუნდამენტური მიმართულების გადაწყვეტას, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები; საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება; წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო დავები.

Civil.Ge © 2001-2024