ალასანია ბრიუსელში ფილიპ გორდონს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Mar.'11 / 12:34

ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ბრიუსელის ფორუმში იღებდა მონაწილეობას, 27 მარტს აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა.

ალასანიას თქმით, მან გორდონთან საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილა.
 
“კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული შედეგით დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ იქნება პროცესი, როდესაც ორივე მხარე შეთანხმდება, ბუნებრივია, არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად და არ ექნება ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის  გარეთ. აქედან გამომდინარე მთავარი ამოცანა დღეს შეერთებული შტატებისთვის არის დაეხმაროს საქართველოს, რომ ეს პროცესი მიიყვანოს კონკრეტულ შედეგამდე,” – განცხადა ალასანიამ.

ალასანიას პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში ”თავისუფალის დემოკრატების” ლიდერმა იგივე საკითხი განიხილა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრიტ ეშტონთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვერნერ ჰოერთან, ასევე ამერიკელ სენატორებთან ჯენი შაჰინთან და მარკ ვორნერთან.

საქართველოდან ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი.

Civil.Ge © 2001-2024