ოპოზიციამ აპატურაისთან შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის საკითხი წამოწია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Apr.'11 / 19:07

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში ვიზიტის ფარგლებში დღეს იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რომელიც მხარეებს შორის არსებული უთანხმოების გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია

ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯეიმს აპატურაი კარგად იყო ინფორმირებული საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, რაც, მათივე ინფორმაციით, ერთ–ერთი ძირითადი განსახილველ თემა იქნება ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირას, ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად იგეგმება.  
 
“თავად განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა, რომ ნატო–საქართველოს ურთიერთობებში საარჩევნო რეფორმის თემა და დემოკრატიული არჩევნების თემა არის განმსაზღვრელი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებს ხელისუფლება "არასწორი მიზეზების გამო არიდებს თავს“ და "მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს  – ვინ გადაწყვიტა ამ პროცესის ჩიხში შეყვანა და ვინ ცდილობს შედეგის მიღწევას“.

"ნატო, ბუნებრივია, ეს არ არის მარტო სამხედრო ბლოკი, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების დემოკრატიული გაერთიანება და ბუნებრივია, მისთვის საინტერესოა, თუკი საქართველო არის და იქნება პარტნიორი, როგორი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების მომავალი ამ ქვეყანაში. და, ბუნებრივია, ნომერი პირველი თემა, როგორც ბატონმა აპატურაიმ გვითხრა, ეს არის სწორედ საარჩევნო კოდექსი და დემოკრატიული არჩევნები,“ – განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელმა, ვიცე–სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ოპოზიციური რვიანის“ მიზანი საარჩევნო რეფორმაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებაა. „თვითონ შეხვედრის ფაქტი ბატონ აპატურაისთან ამ მხარდაჭერაზე მეტყველებს,“– აღნიშნა მან.

"სკეპტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი არის საერთაშორისო ინტერესი ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელშიც რვა პარტიაა ჩართული და ეს ყველას გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საარჩევნო გარემო და კოდექსი შეიცვლება თვისობრივად,“ – აღნიშნა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, საარჩევნო მოლაპარაკებებში ძირითადი შეთანხმებებისთვის ოპოზიციას და ხელისუფლებას მაისისთვის უნდა მიეღწიათ, თუმცა „დღეს ეს პროცესი არ მიმდინარეობს და ხელისუფლების დამსახურებით არ ხდება ეს“.

"ამ საკითხებზე ალბათ ვისაუბრებთ,“– განუცხადა მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს და დასძინა: "ვინაიდან ასეთი დიდი ინტერესია, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას ამჯერად სწორი პოლიტიკური პროცესი დაუწყია“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს წარმომადგენელი შეხვედრის დროს ასევე დაინტერესდა მედია–მფლობელთა გამჭირვალობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებული საკითხით და სასამართლოს სფეროში არსებული მდგომარეობით.

 

Civil.Ge © 2001-2024