პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Apr.'11 / 17:10

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2011 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც შემოსავლების 350 მლნ ლარით, ხოლო ხარჯების, დაახლოებით, 240 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს.

შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6.304 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 5.966 მლრდ ლარს შეადგენს.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებს საფუძვლად დაედო მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 4.5%–ის ნაცვლად,  5.5%–იანი ზრდით განისაზღვრა. გასული წელს ეკონომიკის ზრდამ 6.4 %  შეადგინა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 8 აპრილს დეპუტატებს განუცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკა შესაძლოა 6.5% ან 7%–ით გაიზარდოს, რაც "არის აბსოლუტურად რეალისტური“.

საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ნაცვლად დაგეგმილი 7%–სა, განისაზღვრა 8%–ით; ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 3,7%–მდე შემცირდა, თავდაპირველად დაგეგმილი მშპ–ის 4.3%–დან.

საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს, 900 მლნ ლარის (დაახლოებით, 527 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიას, რათა ეტაპობრივად მოხდეს 2008 წლის აპრილში გამოშვებული იმ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა გადახდაც ბიუჯეტს 2013 წლისთვის უწევდა

“ამ მხრივ თვითონ სახელმწიფო ვალის მოცულობა არ გაიზრდება და დარჩება იგივე,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა, „უფრო მეტი ჩვენ ვარაუდობთ, რომ საბოლოო ჯამში გვექნება უფრო დაბალი პროცენტი და შესაბამისად, შემცირდება სახელმწიფო სესხის მომსახურების თანხები“.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს,  საშინაო ვალის ზრდასაც 100 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით.

რაც შეეხება ხარჯებს, ყველაზე მეტ თანხას – 86 მლნ ლარს – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს და მთლიანობაში მისი ბიუჯეტი წელს 1.692 მლრდ ლარი გახდება. აქედან, 55.2 მლნ ლარი ასაკით პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, რასაც მთავრობა 1 სექტემბრიდან გეგმავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით 9 მლნ ლარს მიიღებს და მისი დაფინანსება წელს 79.9 მლნ ლარი გახდება.

ქრისტიან–დემოკრატებმა გააკრიტიკეს მთავრობა იმის გამო, რომ "არ შეასრულა დაპირება“ აგრარული სექტორისთვის დამატებით 150 მლნ ლარის გამოყოფის თაობაზე. დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის ეს დაპირება არის "სურვილების კრებული და არა რეალობა“, რადგან „ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ სოფლის მეურნეობისთვის გაზრდილი თანხები“ ბიუჯეტში.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საუბარია 150 მლნ ლარის მოცულობის არასაბიუჯეტო პროგრამებზე და ამ თანხების „მოზიდვაზე სახელმწიფო მუშაობს“. 

პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ ცვლილებების პროექტთან შედარებით, გარკვეული კორექტიები განიცადა სხვადასხვა სამინისტროების დაფინანსებამ.

კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წელს დაგეგმილი 30.3 მლნ ლარის ნაცვლად, 40.7 მლნ ლარს მიიღებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსებიდან 3 მლნ ლარი სამინისტროს ქალაქ გორში გადატანის მიზნით ახალი შენობის აშენებას, ხოლო დანარჩენი სახსრები დევნილთა სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ცვლილებების შედეგად დაფინანსება გაეზარდათ ასევე შემდეგ სამინისტროებს:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –  106.3 მლნ ლარი  (მიმდინარე დაფინანსება– 75.4 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 879.1 მლნ ლარი (მიმდინარე  – 864 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 555 მლნ ლარი (მიმდინარე – 550.8 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 70.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 68.7 ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო – 204.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 202.3 მლნ ლარი);
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 55.6 მლნ ლარი (მიმდინარე – 53 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 106.5 მლნ ლარი  (მიმდინარე – 105.5 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  -1.626  მლნ ლარი  (მიმდინარე – 1.301 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.250 მლნ ლარი (მიმდინარე – 1 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  788 ათასი ლარი (მიმდინარე – 623 ათასი ლარი).

ამასთან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 118 მლნ ლარიდან 146 მლნ ლარამდე იზრდება.

ასევე, დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსულენოვანი არხისათვის დამატებით 20 მლნ ლარს მიიღებს და მისი საერთო დაფინანსება 45 მლნ ლარი გახდება, რაც ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული.

Civil.Ge © 2001-2024