ავღანეთში ქართული ძალების როტაცია მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'11 / 14:54
94 სამხედრო ავღანეთში მიემგზავრება. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო 

12 აპრილს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების 94 სამხედრო გაემგზავრა, რითაც დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში დასრულდება ჰელმანდიში განთავსებული 32–ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის როტაციის პროცესი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 33–ე ბატალიონის სულ 749 სამხედრო ჩაანაცვლებს კონტიგენტს, რომელიც ჰელმანდიში ნოემბრიდან მსახურობს. წინა როტაციის ფარგლებში, 32–ე ბატალიონმა 31–ე ბატალიონი შეცვალა.

33–ე ბატალიონის ჯარისკაცებმა, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჩაერთვებიან, ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.

სულ 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა  2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა გაგზავნის თაობაზე.

Civil.Ge © 2001-2024