ევროკავშირის დიპლომატები საარჩევნო რეფორმას ყურადღებით ადევნებენ თვალს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Apr.'11 / 11:30

საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე, განაცხადეს საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებმა 13 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე დიალოგს,“ – ნათქვამია მოკლე წერილობით განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ელჩმა თბილისში, ფილიპ დიმიტროვმა თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების სახელით გააკეთა.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბერში დაიწყეს; თუმცა, 9 მარტის შემდეგ ეს პროცესი შეწყვეტილია.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს მოლაპარაკებები არა მხოლოდ ურთიერთმისაღებ შედეგებს გამოიღებს ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, არამედ მხარეებს შორის ნდობასაც აღადგენს. ევროკავშირი კვლავ ყურადღებით მიადევნებს თვალს მოლაპარაკებებს და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.  

Civil.Ge © 2001-2024