ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Apr.'11 / 15:12

15 აპრილს ბერლინში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კომისიის სხდომის გახსნით სიტყვაში განაცხადა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „მნიშვნელოვნად გაღრმავდა“, რაც მხარეებისათვის "ხელსაყრელია“.

"ნატო–საქართველოს კომისიის საშუალებით, ჩვენ შინაარსობრივი, აზრიანი პოლიტიკური დიალოგი ვაწარმოვეთ. წლიური ეროვნული პროგრამის საშუალებით კი ამჟამად ძალაშია კონკრეტული და ძალიან ეფექტური პროგრამები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთოების სფეროებში რეფორმების გატარების მხარდაჭერა და მათი უფრო ფართო დემოკრატიული რეფორმების კონტექსტში მოქცევა,“ – აღნიშნა მან.

კომისიის ერთობლივი განცხადების შესახებ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, ნატოს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს წვლილს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში და ასევე იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველომ აიღო ავღანური ძალების მომზადების კუთხით.

აღნიშნეს რა საერთო ჯამში საქართველოს დემოკრატიული განვითარების "პოზიტიურ დინამიკა", ნატოს მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ "რჩება სამუშაო საჭირო რეფორმების გასატარებლად", მათ შორის ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით. 

ნატოს მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობას 2012 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და ასევე მოუწოდეს საქართველოს "განაგრძოს კანონის უზენაესობის და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება, ასევე გააღრმავოს სასამართლო და მედია სფეროს რეფორმები".

ალიანსმა ასევე მოუწოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გაგრძელებისკენ. 

დაადასტურა რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა, ნატო ასევე მიესალმა ჟენევის მოლაპარაკებებს და გაიმეორა მოწოდებები რუსეთის მიმართ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ასევე უკან წაიღოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.

ნატო ასევე მიესალმა თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის არ გამოყენების თაობაზე, რაც პრეს–რელიზის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კოლეგებს áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ˜áƒ¡ სხდომის ფარგლებშიც დაუდასტურა.

ნატო–საქართველოს კომისიის მომდევნო სხდომა ელჩების დონეზე საქართველოში შემოდგომისთვის დაიგეგმა.

Civil.Ge © 2001-2024