![]() |
|||
შტეფან ფულემ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის შესაქმნელად. 18 აპრილს ბრიუსელში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან და ვიცე–პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გავცელებულ განცხადებაში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა ”აჩვენა თუ როგორი მზარდი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ ხალხის ხმა გაგონილ იქნას და რომ იყოს პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.” ”ამიტომ, მე მივესალმები საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს. ასევე მივესალმები ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე მხარეს შორის ნდობის შესაქმნელად,” - განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ იგი ასევე მიესალმება საქართველოს განზრახვას ამ კუთხით ვენეციის კომისიასთან ითანამშრომლოს. ამჟამად, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განახლების სურვილი გააჩნია, ამ დიალოგის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია. 21-23 ივლისს საქართველო ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა იქნება განხილული. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025