მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობის კონტრაქტს მოაწერს ხელს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Apr.'11 / 21:14
ზემო ენგურის რეზერვუარი ხუდონის კაშხლის სავარაუდო 
ადგილმდებარეობის მახლობლად. ფოტო: მსოფლიო ბანკის ვებ–გვერდი.
 
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინასამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება, ხოლო თავად 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყება 2012 წელს იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 21 აპრილს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას გილაურმა განაცხადა, რომ ხუდონჰესის მშენებლობაზე კონტრაქტს, როგორც მან აღნიშნა, ”ინდურ კომპანიასთან” უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.

პრემიერ-მინისტრმა კომპანია მოიხსენია როგორც Continental Energy. თუმცა, 21 აპრილის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მთავრობის წევრებმა Trans Electrica LTd-სთან კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ მთავრობის განკარგულება განიხილეს.

Trans Electrica LTd, მისი ვებ–გვერდის თანახმად, არის ”კომპანია, რომელიც ცნობილი არარეზიდენტი ინდოელების და ადგილობრივი ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და რომელიც საქართველოში არსებული ჰიდრო ენერგო რესურსების ათვისებას ისახავს მიზნად,” ხუდონჰესის პროექტზე ფოკუსირებით.

მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა 80-იანი წლების ბოლოს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა შეწყდა.

ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის და რეზერვუარის მშენებლობას სოფელ ხაიშის დატბორვა მოყვება, რის გამოც ადგილობრივი მაცხოვრებლების სოფლიდან განსახლება გახდება საჭირო. 

სოფელი ხაიში, რომელიც კაშხლის მშენებლობის შედეგად დაიტბორება.ფოტო: მსოფლიო ბანკის ვებ–გვერდი. 

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ პროექტში დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ კონტრაქტორი კომპანია ვალდებულებას აიღებს, რომ მშენებლობას ექვს წელიწადში დაასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკას მომდევნო 7-8 წლის მანძილზე 5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქართველოს 2015 წლისთვის 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნება.

საქართველოს მთავრობის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის თანახმად, რომელიც ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების გზებს აანალიზებს, ყველაზე მიმზიდველ ვარიანტებად ნამახვანჰესის, ფარავანჰესის და ხუდონჰესის მშენებლობა მიიჩნევა.

თუმცა, გარემოს დამცველები სკეპტიკურად უყურებენ ხუდონჰესის პროექტს. გარემოსდამცველი ორგანიზაციის ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე აცხადებს, რომ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობამ, რომელსაც ადგილზე წყლის დიდ მასას წარმოშობს, შესაძლოა სვანეთის კლიმატს საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამ რეგიონის გადაქცევას გეგმავს ხელისუფლება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად.    

მსოფლიო ბანკის თანახმად, მიკროკლიმატზე კაშხლის მშენებლობის ზემოქმედებას ”ძალიან ლოკალიზებული ხასიათი” ექნება.

Civil.Ge © 2001-2019