ვაშაძე რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Apr.'11 / 11:18

დასავლელი პარტნიორები საქართველოზე არანაირ ზეწოლას არ ახდენენ, რათა მან რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიცია შეარბილოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსულ ჟურნალ "ოგონიოკ“–თან ინტერვიუში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა.

"ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ერთხელ გვითხრეს, რომ სანამ საქართველო რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, გახსოვდეთ, რომ რუსეთის შესვლა ვმო–ში მთელ მსოფლიო ეკონომიკას მოუტანს სარგებელს,“ – განაცხადა ვაშაძემ ინტერვიუში.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ბერნში 28–29 აპრილს გაიმართება.

"ჩვენ ბერნში მოლაპარაკებებზე იმისთვის კი არ დავდივართ, რომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანება დავბლოკოთ. ჩვენ იქ  დავდივართ იმიტომ, რომ რუსეთის დელეგაციასთან ერთად ურთიერთმისაღები გამოსავალი ვოპოვოთ იმ იურიდიული კოშმარიდან, რომელიც მოსკოვმა შექმნა თავისი დაუფიქრებელი, ნაჩქარევი, ემოციური და სულელური გადაწყვეტილებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე,“ – განაცხადა მან.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ვმო–ს წესებით რეგულირდება.

"ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დავდებთ რაიმე პოლიტიკურ, სამხედრო და სხვა თემებს, რომლებიც საქმესთან კავშირში არ არის,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2022