ამერიკელი გენერალი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს აქებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Apr.'11 / 16:53
აშშ–ის საზღვაო ქვეითთა გენერალი რიჩარდ მილსი, 27 აპრილი, 
ვაშინგტონი.

რიჩარდ მილსმა, აშშ–ის საზღვაო ქვეითთა გენერალმა და სამხრეთ–დასავლეთ ავღანეთში კოალიციური ძალების ყოფილმა მეთაურმა, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ისინი ამოცანებს "ჩინებულად” ართმევენ თავს. 

27 აპრილს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალმა მილსმა, რომელიც ჰელმანდის და ნიმრუზის პროვინციებში 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის აპრილის დასაწყისამდე კოალიციურ ჯარებს მეთაურობდა, ზოგიერთი იმ ამოცანის შესახებაც ისაუბრა, რომლის შესრულებაც ქართველ სამხედროებს ქონდათ დავალებული.

მილსის მეთაურობის ქვეშ ავღანეთში ორი ქართული ბატალიონი მსახურობდა, კერძოდ მე–3 ქვეითთა ბრიგადის 31–ე და 32–ე ბატალიონები. აპრილში საქართველომ 32–ე ბატალიონი 33–ე ბატალიონით ჩაანაცვლა.

"თითოეული მათგანი [31–ე და 32–ე ბატალიონები] საუცხოო შენაერთი იყო. ისინი არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმით ხასიათდებოდნენ,“ – განაცხადა მისლმა მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული ძალების საქმიანობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

მისი თქმით, ქართულმა დანაყოფებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე, რომ გადაწყვიტა მათთვის დამოუკიდებლად ჩაებარებინა ცალკე, ”საკმაოდ მოზრდილი” ტერიტორია, რომელიც ჰელმანდის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს. ქართველი სამხედროები, ავღანეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან ერთად, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ამ ტერიტორიაზე ”ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებდნენ,” განაცხადა მილსმა.

"ქართველებს უყვართ ბრძოლა, ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები არიან, რომელთაც ესმით საკუთარი ამოცანები და მათი áƒ¨áƒ”სრულების დიდი სურვილიც აქვთ. სხვათაშორის, მათ ითხოვეს დამატებითი ფუნქციების შესრულებაც, ასე რომ, მე მათი ერთი ასეული სანგინში გავაგზავნე, რათა იქ [კოალიციურ ჯარებს] დახმარებოდნენ... შეიძლება გსმენიათ, რომ ამ ადგილას ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს; იქაც ქართველმა სამხედროებმა საუცხოოდ გაართვეს თავი სამუშაოს,“ – განაცხადა გენერალმა მილსმა.

ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სანგინის რაიონი იარაღის, ნარკოტიკების და მებრძოლთა ტრანზიტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად მიიჩნევა. 

გენერალმა მილსმა განაცხადა, რომ სანგინში ქართულ ასეულს "მტკიცე მტრის წინააღმდეგ რთული ამოცანების შესრულება დაევალა.”

"ისინი [ქართველი ჯარისკაცები] ყველა შეტაკებიდან წარმატებულები გამოდიოდნენ; ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა,“ – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარების სახით აშშ–ის საზღვაო ქვეითებმა ქართულ დანაყოფებს დაჯავშნული მანქანები გადასცეს.

სულ 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა  2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა ჯგუფი გაგზავნოს.

Civil.Ge © 2001-2024