ბურჯანაძე საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Apr.'11 / 14:57

დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2 მაისს ”სახალხო კრება” საპროტესტო აქციების დაწყების თარიღს გამოაცხადებს.

გაზეთ „რეზონანსი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ როგორც ”სახალხო კრებამ” მარტში გამართულ შეკრებაზე გადაწყვიტა, 2 მაისს მოძრაობა მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს გამოაქვეყნებს. 

მისი თქმით, ბოლო თვეების მანძილზე ”სახალხო კრება” აქტიურ კამპანიას აწარმოებდა რეგიონებში, სადაც ქვეყნის ყველა რეგიონში კარგად ორგანიზებული აქტივისტთა ჯგუფები შექმნა.

"სახალხო კრებას ეს თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ შეგვექმნა ძალიან სერიოზული მოძრაობა, სადაც კომპონენტების სახით, ერთად აღებული შედის ჩვენი სიმართლე, ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა, ორგანიზებული ადამიანები და სწორი ხედვა. ეს აუცილებლად მოგვცემს შედეგს და დავიბრუნებთ კონსტიტუციურ უფლებებს, აღვადგენთ ელემენტარულ სამართლიანობას და მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლება აუცილებლად წავა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების დაწყების თარიღი არ იქნება ”ძალიან შორს 2 მაისიდან“.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მას კონსულტაციები აქვს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც მან არ დააკონკრეტა, და დასძინა, რომ სახალხო მოძრაობა მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლოს, "ვისაც რეალურად უნდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა“.

ბევრი ოპოზიციური პარტია ”სახალხო კრებასთან” თანამშრომლობისგან თავს იკავებს. ამ თვის დასაწყისში მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი დაწრმუნებულია, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია თავის პოზიციას შეცვლის მას შემდეგ, რაც "სახალხო კრების" სიძლიერეს დაინახავს. 

Civil.Ge © 2001-2024