მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმაში ჩართულ პარტიებს კონსულტაციების დაწყება შესთავაზა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Apr.'11 / 19:14

მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციების დაწყება შესთავაზა ყველა იმ „მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის დღის წესრიგში დგას“, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.

"ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება მოხდება,“– განუცხადა მინაშვილმა 29 აპრილს Civil.ge-ს.
 
მისი თქმით, "მთავარი საზომია“, რომ პარლამენტმა შემოდგომაზე უკვე მესამე მოსმენით მიიღოს საარჩევნო კოდექსი, "იმისათვის, რომ ერთი წელი გვქონდეს 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე. ახალი კოდექსია და იმპლემენტირება და დრო სჭირდება ამას“.
 
“მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ჩაერთოს, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაეცნოს ამ პროექტს,“– აღნიშნა მან, "ამ პრინციპების დაცვით ჩვენ რაღაც ვადაში შეთანხმება უნდა მოვახდინოთ“.

მინაშვილის თქმით, "რთულია“ შესაძლო შეთანხმების კონკრეტული ვადის დასახელება, რადგან ინდივიდუალური კონსულტაციები "რამოდენიმე დღეში“ გამოკვეთს შეთანხმების პერსპექტივებს და იმას, აღდგება თუ არა მოლაპარაკებათა შეჩერებული ფორმატი. 

რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მაისის ბოლოსთვის უნდა იქნას მიღწეული ხელისუფლებასთან იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მარტიდან შეჩერებულია და რომლის ჩიხში შეყვანაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოლაპარაკებებში "ოპოზიციური რვიანის“ გარდა ჩართულები იყვნენ სხვა პარტიებიც, მათ შორის ისინი, რომლებსაც ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყავთ პარლამენტში.

ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა საარჩევნო რეფორმის პროცესის კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა.

ამ წინადადებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“ და "გაუგებარია“.

თუმცა, მისი თქმით, კონსულტაციები არის იმისათვის, რომ "სამუშაო ვითარებაში დავიწყოთ პოზიციების შეჯერება და არა მედიის საშუალებით იდეების გაცვლა, რაც არაეფექტურია“.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 50%–იანი ბარიერის დაწესება მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად, რასაც ოპოზიცია მოითხოვს ბოლო წინადადებებში, არ არის "სამართლიანი“, რადგან ამ მოდელით, მისი თქმით, მეორე ტურისთვის ხდება განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის პარტიების ხელოვნური გაერთიანება ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად. 

"50%–იან ბარიერს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,“– განუცხადა მინაშვილმა Civil.ge-ს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის "ბევრი წევრი“ ასევე წინააღმდეგია ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით სიების შედგენის, რაც ასევე "ოპოზიციური რვიანის" შემოთავაზებაა.

"ეს არის ძალიან სარისკო იდეა, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვას,“– განაცხადა მინაშვილმა და განმარტა, რომ ერთ წელიწადში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება "ურთულესი პროცესია“ და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი ადამიანის სიის მიღმა აღმოჩენა და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვება არჩევნების დღეს.

Civil.Ge © 2001-2024