შსს–ის გენინსპექციის უფროსი დაჭრილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 May.'11 / 13:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე თავის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც გუშინ ღამით მას საკუთარ ბინაში სამსახურეობრივი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა.

ამის შესახებ შსს–ის ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა Civil.ge-ს 3 მაისს განუცხადა. მისი თქმით, სანოძეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა "ნორმალურია“.

ხიზანიშვილმა უარყო და "სისულელე“ უწოდა მედიით გავრცელებულს ვარაუდებს თვითმკვლელობის ვერსიაზე. მისი თქმით, მომხდარი "უბედური შემთხვევა“ იყო.

ვასილ სანოძის სახელი შსს-ის კიდევ რამოდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება, რის გამოც იგი სამსახურიდან 2006 წელს გაათავისუფლეს. 2009 წლის აპრილში, როცა გავრცელდა ვიდეო–კადრები, თუ როგორ ესვრის ვასილ სანოძე აივნიდან წყლით სავსე ცელოფნის პარკს, სავარაუდოდ, მოპიკეტე ოპოზიციის აქტივისტებს, ის ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად აღდგენილი გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე.

Civil.Ge © 2001-2024