მმართველი პარტია და ოპოზიციური რვიანი ინდივიდუალური კონსულტაციების დაწყებას ადასტურებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'11 / 18:07

მმართველი პარტიისა და რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციებს მართავენ, თუმცა მხარეები დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

“დაწყებულია კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში, რაც ყველაზე საუკეთესო საშუალებაა შეთანხმების მისაღწევად“– განუცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა Civil.ge-ს 5 მაისს.

"ოპოზიციური რვიანიდან“ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან ერთი შეხვედრა უკვე შედგა.

“ჯერ–ჯერობით მათი [ხელისუფლების] მხრიდან არის სურვილი მხოლოდ ურთიერთობების და მათ რაიმე თვისობრივი საკითხები არ წარმოუგენიათ,“– განუცხადა მან Civil.ge-ს.

მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ ცალკ–ცალკე ეწარმოებინა მოლაპარაკებები რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში შემავალ პარტიებთან, "რვიანს“ ამ მოლაპარაკებებზე ერთი ინდივიდი წარმოადგენს.

თუმცა მხარეებმა არ ისურვეს მეტ კონკრეტიკაზე საუბარი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას და „ოპოზიციურ რვიანს“, როდის შედგება მომდევნო შეხვედრა და რა დღის წესრიგით.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც "ყოფილი ფორმატი ხელისუფლებამ დაშლილად“ გამოაცხადა და ჩათვალა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმი "უფრო მეტად კომფორტული იქნება მისთვის შედეგის მისაღწევად“,  რვა ოპოზიციური პარტია ამ რეჟიმში მოლაპარაკებებს დათანხმდა, რათა "შედეგი დადგეს“.

თუმცა მმართველი პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციას ადანაშაულებს იმ მოლაპარაკებათა ფორმატის ჩაშლაში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე ნოემბერ–მარტში იმართებოდა და რომლის მიმდინარეობასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უშუალოდ ადევნებდნენ თვალს.

გამომდინარე მხარეთა მინიშნებებიდან, სულ უფრო ნაკლებია შანსი, რომ აღდგეს მოლაპარაკებათა ის ფორმატი,  რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმართებოდა და რომელსაც მოდერაციას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევდა.

 

Civil.Ge © 2001-2024