ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მმართველ პარტიასთან საარჩევნო კონსულტაციების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 May.'11 / 15:53

მმართველი პარტიის და "ოპოზიციური რვიანის" წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრის მიზანი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებების პერსპექტივის განსაზღვრა იყო, განაცხადა შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ ახალი მემარჯვენეებიდან, მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, იგი 4 მაისს მმართველი პარტიის წარმომადგენელს, დეპუტატ პავლე კუბლაშვილს შეხვდა ამ უკანასკნელის ინიციატივით.

კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ ეს იყო "ტექნიკური ხასიათის“ შეხვედრა, რათა განეხილათ „როდის და როგორ“ შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები და „რა დღის წესრიგით შეიძლება დაიწყოს ეს ყველაფერი,“ ასევე ამჟამად შეწყვეტილი მოლაპარაკებების გამჭირვალობის უზრუნველყოფა. 

„შინაარსთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია მაგალითად [საარჩევნო] სისტემა, მაგალითად სიები, მაგალითად ადმინისტრაცია, საერთოდ არ გვქონია ჩვენ საუბარი ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „პირდაპირი საუბარი“ 6 მაისს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების განახლება – ან ძველ ფორმატში, ან ახალში,“ – განაცხადა მან. 

ოპოზიციური რვიანი და კიდევ რამდენიმე სხვა პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს მმართველ პარტიასთან  2010 წლის ნოემბრიდან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში აწარმოებდა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. ამ ფორმატის ბოლო შეხვედრა 9 მარტს გაიმართა. მას შემდეგ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიციური რვიანი მმართველ პარტიას ადანაშაულებდა საარჩევნო რეფორმაზე მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებაში, ხოლო ეს უკანასკნელი ოპოზიციურ რვიანს „ულტიმატუმების“ წაყენებაში და მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლაში.

მას შემდეგ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ "ინდივიდუალურ პარტიებთან“ გამართავდა ცალ–ცალკე კონსულტაციებს. ოპოზიციურმა რვიანმა უპასუხა, რომ ის თანახმაა ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციების გაგრძელებაზე, თუმცა იმ პირობის დაცვით, რომ "ოპოზიციური რვიანი" მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ერთიანი პოზიციით გამოვიდოდა. 

"უახლოეს დღეებში ხელისუფლება ჩამოიყალიბებს თავის პოზიციას ჩვენს შეთავაზებებზე; შესაბამისად, მათაც [მმართველმა პარტიამ] გააკეთეს ერთი ორი შეთავაზება და ჩვენც გვექნება, ასე ვთქვათ, "რვიანის“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ვადებს, მაისის ბოლოს პასუხი უნდა იყოს გაცემული ჩვენს მიერ და მათ მიერ – ან ხო, ან არა,“ –  განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

Civil.Ge © 2001-2024