'რვიანი' საარჩევნო მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'11 / 13:07

12 მაისს რვა ოპოზიციური პარტია საარჩევნო რეფორმის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელშიც მმართველ პარტიას შესთავაზებს ახალ წინადადებებს, თუმცა არა შინაარსობრივ საკითხებზე.

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ განცხადების მთავარი გზავნილი იქნება, რომ აღდგეს "სამუშაო მაგიდა“. "წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება,“– განუცხადა მან Civil.ge-ს.

მან ასევე აღნიშნა, რომ "პირადად“ ის მოლაპარაკებათა შეწყვეტილი ფორმატის აღდგენას ანიჭებს უპირატესობას ამ პროცესის ინდივიდუალურ რეჟიმში გადატანასთან შედარებით, რაც ხელისუფლების სურვილია.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ იმისათვის, რომ ხელისუფლებას პროცესის შემდგომი შეფერხების საბაბი "არ მივცეთ“, "ოპოზიციური რვიანი“ თანახმაა, რომ "გამჭირვალობის“ პრინციპის დაცვით áƒ˜áƒœáƒ“ივიდუალურ რეჟიმში აღდგეს მოლაპარაკებები. 

“ახალი შეთავაზებები შეეხება თავად პროცესს, მის პერიოდულობას, ვადებს, მოლაპარაკებების ფორმატს და მის შედეგიანობას,“– განაცხადა კაციტაძემ დაგეგმილ განცხადებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო კოდექსის შინაარსობრივ საკითხებზე რაიმე ახალი შეთავაზებები არ იგეგმება.

“ოპოზიციურმა რვიანმა“ ორჯერ წარადგინა საკუთარი შეთავაზებები –  თავდაპირველად ოქტომბერში, ვიდრე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა პროცესი დაიწყებოდა და ბოლოს, აპრილში მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ თავისი წინადადებები წარადგინა და მოლაპარაკებათა პროცესი შეწყდა, რაშიც მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

"შინაარსთან დაკავშირებით, ჩვენ საკომპრომისო არაფერი არ გვაქვს,“– განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, მაისის ბოლო, ვადა, რომელიც თავიდანვე განისაზღვრა პრინციპული შეთანხმებების მიღწევის დროდ, "რევიზირებას არ ექვემდებარება“ და რეალისტურია, თუ ხელისუფლება შესაბამის "პოლიტიკურ ნებას" გამოავლენს.   

ვეფხვაძის განცხადებით, ეს ვადა ძალაში რჩება, თუმცა "მაისის ბოლომდე რაიმე შეთანხმებების მიღწევის პერპექტივა არ ჩანს“. 

Civil.Ge © 2001-2021