აშშ–ის სენატს ოკუპაციის შესახებ მცირედით შეცვლილი რეზოლუციის პროექტი წარედგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'11 / 13:19

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა აშშ–ის სენატში რეზოლუციის პროექტი წარადგინეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს.

რეზოლუციის პროექტი, მცირედი შესწორებების მიუხედავად, მთლიანობაში იგივეა რაც სენატორმა შაჰინმა დეკემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა და ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "რუსეთის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

რეზოლუციის ახალ პროექტი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ასახავს რამოდენიმე იმ ახალ მოვლენასაც რომელიც დეკემბრის შემდეგ მოხდა. მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ბერლინში 15 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ ”იზიარებს საქართველოს წუხილს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით.” რეზოლუციის განახლებული პროექტის ტექსტში ასევეა ნახსენები აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტები.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახალ ტექსტშია, ეხება სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მიმართ გამოყენებულ ტერმინებს. თუ ტექსტის თავდაპირველ ვარიანტში გამოყენებული იყო ტერმინი ”დე ფაქტო”, ახლა ეს ტერმინი იცვლება შემდეგი ფორმულირებით - ”მაკონტროლებელი ძალაუფლება“ – სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში.

"თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი გაჩაღდა; თუმცა, რუსულ შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში უკიდურესად მნიშვნელოვანია ამერიკის ეკონომიკური, დიპლომატიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესებისთვის,“ – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

"რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა იყო აგრესიული ქმედება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ,” – განაცხადა სენატორმა გრემმა და დასძინა რომ ის კვლავაც დარჩება საქართველოს მხარდამჭერი.

ორივე სენატორი ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში, ატლანტიკურ საბჭოში, საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

საქართველოს ელჩი აშშ–ში თემურ იაკობაშვილი მიესალმა რეზოლუციის პროექტს და განაცხადა, რომ "სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც არც აქამდე გვაკლდა ამერიკიდან, ახლა უფრო გაათმაგებულია’“.

"ხაზგასმით არის აღნიშნული ამ ტექსტში, რომ საუბარია არა კონფლიქტებზე საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ერთ კონფლიქტზე – ეს არის საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტი,“ – განაცხადა იაკობაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024