მინაშვილი საარჩევნო მოლაპარაკებებზე ოპოზიციის განცხადებას პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 May.'11 / 14:03

ოპოზიციური რვიანის მიერ 12 მაისს გაკეთებული განცხადება ულტიმატუმი უფროა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყობს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა.

"უცნაურია, როდესაც ასეთ განცხადებას მედიით ვისმენთ იმ ჯგუფისგან, რომელმაც თავად დატოვა მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც უკვე კონკრეტული შემოთავაზებების განხილვას ვიწყებდით,“ – განუცხადა 12 მაისს Civil.ge-ს მინაშვილმა.

მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური რვიანის უარი 30 მარტს მონაწილეობა მიეღო საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფორმატით მიმდინარე შეხვედრაში. ”რვიანის” უარს წინ უსწრებდა განცხადება, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე წინადადებები მიუღებელი იყო და რომ ისინი შეხვედრაში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც მმართველი პარტია ”რვიანის” მიერ ოქტომბერში წარმოდგენილ წინადადებებზე "ადეკვატურ” პასუხს მიიღებდა. 5 აპრილს ”რვიანმა” ახალი წინადადებები წარადგინა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის აღდგენისკენ მოუწოდა. მას შემდეგ მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა áƒ áƒáƒ’ორც 5 მაისს გაირკვა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე კონტაქტები შედგა, თუმცა ამას რამე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს მმართველ პარტიას აღდგეს მოლაპარაკებები ძველ ფორმატში, მინაშვილმა უპასუხა: "არაფერი“; მან იქვე დასძინა, რომ მმართველ პარტიას ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვა სურს პარტიებთან მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით.     

თუმცა, ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტია პროცესს აჭიანურებს და 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას მაისის ბოლომდე ოპოზიციური რვიანის 5 აპრილის წინადადებებზე წერილობითი პასუხის გაცემას ითხოვს – ეს პირველ რიგში ეხება ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელებს. ოპოზიციის თქმით, მაისის ბოლო სწორედ ის ბოლო ვადაა, რაც მხარეებმა მოლაპარაკებების დაწყებისას განსაზღვრეს, რომ მოხდებოდა ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.

მინაშვილმა განაცხადა, რომ ერთდადერთი მთავარი ბოლო ვადა განსაზღვრული აქვს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას და ეს წლევანდელი შემოდგომაა.

მან მიანიშნა, რომ თუ მმართველი პარტია თავის წერილობით პასუხს მაისის ბოლოს წარადგენს, როგორც ამას ოპოზიციური რვიანი ითხოვს, ეს მათ მიერ წამოყენებულ ”ულტიმატუმზე” დაყოლიების ტოლფასი იქნება, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

Civil.Ge © 2001-2024