პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 May.'11 / 17:28

პარლამენტი ქალაქ ქუთაისში სრულად გადავა და ის მომდევნო არჩევნების შემდეგ დედაქალაქში აღარ იფუნქციონირებს – კონსტიტუციაში ცვლილებათა áƒ”ს პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა.

2009 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში გაიმართებოდა, ხოლო სხვა საქმიანობას, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებს, საკანონმდებლო ორგანო კვლავაც დედაქალაქში, თბილისში განახორციელებდა. აღნიშნული ცვლილებები 2012 წელს დაგეგმილი მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამების დღიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ქუთაისის - „მეორე საპარლამენტო ქალაქად“ გამოცხადების ინიციატივა 2009 წლის ივლისში გახმოვანდა და მას პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა, თუმცა მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ”პარლამენტის მთლიანად გადატანა თბილისიდან არ შეიძლება“.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე áƒ’ამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი საქართველოს და მთელი კავკასიის "უმნიშვნელოვანესი ცენტრია“, თუმცა კიდევ "ორ ცენტრს ვქმნით – ბათუმს, როგორც ეკონომიკურ-ფინანსურ ცენტრს, სადაც უკვე დაწყებულია დიდი საოფისე შენობების მშენებლობა და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, სადაც უკვე კონცენტრირებულია მთავრობის ბევრი უწყება“. 

პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისის განსაზღვრის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის დაწესებული საერთო–სახალხო განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყებს.

ქუთაისში უკვე დაწყებულია პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა. თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რა უჯდება ეს სახელმწიფო ბიუჯეტს ან რა დამატებითი ხარჯები დასჭირდება პარლამენტის ქუთაისში გადატანას. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ამჟამინდელი შენობა შესაძლოა გაიყიდოს.

 

Civil.Ge © 2001-2024