სახალხო კრების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 May.'11 / 15:37

სახალხო კრების წარმომადგენლები 18 მაისს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 21 მაისიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

სახალხო კრების ერთ–ერთმა ლიდერმა, დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საელჩოების წარმომადგენლებს შეხვედრის დროს განუცხადეს, რომ "კრება“ ბევრი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

"ხაზგასასმელია, რომ ეს ნაბიჯები იქნება მშვიდობიანი და უიარაღო,“- აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ დიპლომატები "ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების“ შესახებაც გააფრთხილეს.  

“ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს რეალური დემოკრატია და არა ნეობოლშევიზმი,“– განაცხადა მან, "ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ჩატარდეს დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანას მიეცეს შანსი გადარჩენის, გამთლიანების და ნორმალურ ქვეყნად გადაქცევის“.

Civil.Ge © 2001-2024