ბურჯანაძე: ‘ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა წარმატებული იქნება’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 May.'11 / 16:07

სახალხო კრება, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, 21 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ "გადამწყვეტ ბრძოლას“ დაიწყებს, რომელიც „წარმატებით დამთავრდება“, განაცხადა ბურჯანაძემ ხუთშაბათს, ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ორი დღით ადრე.

თვის დასაწყისში სახალხო კრებამ გამოაცხადა, რომ მოძრაობის აქტივისტები 21 მაისს თბილისის სამ სხვადასხვა ადგილას, კერძოდ ფილარმონიის წინ, ავლაბრის მოედანზე და ვარდების მოედანზე დაიწყებენ შეკრებას და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებიან, სადაც იმავე დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. პარალელური საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება.

"21 მაისს დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა ამ რეჟიმის შესაცვლელად და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ... რომ ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდება,“ – განუცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს“ 19 მაისს.

"ჩვენ არ ვაპირებთ გაუთავებელ ლაპარაკს [დაგეგმილ აქციაზე],“ – განაცხადა მან, "იქ იქნება ძალიან კონკრეტული რამდენიმე მიმართვა, მათ შორის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას, მიმართვა ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისადმი, პოლიციელებისადმი, ჯარისკაცებისადმი... მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უკანონო ბრძანებას არ შეასრულებს და საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდება“.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 21 მაისს "იმდენი ხალხი შეიკრიბება“, რომ ვერც ერთი სპეცრაზმელი ვერ შეძლებს "დაუპირისპირდეს“ მათ. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო კრების აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიან, განსაკუთრებით კი რეგიონებში. სახალხო კრებამ განაცხადა, რომ პრობლემები ექმნება აქტივისტების თბილისში ტრანსპორტირების კუთხით, რადგანაც მიკროავტობუსების მძღოლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ 21 მაისს თბილისის მიმართულებით არ გამოემგზავრონ.

სახალხო კრება შარშან ჩამოყალიბდა და იგი რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს და ინდივიდუალურ პირს აერთიანებს. მართალია, თავდაპირველად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა მოძრაობაში გაწევრიანების სურვილი, მაგრამ რეალურად, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მოძრაობას უჭერს მხარს. მოძრაობის კიდევ ერთი მხარდამჭერია იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მცირერიცხოვანი პარტია.

Civil.Ge © 2001-2024