რუსი დეპუტატი თბილისის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'11 / 14:30

საქართველოს ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებისას "კონიუქტურულ–პოლიტიკური“ მიზნები ამოძრავებდა და არა ამ ხალხის "ტრაგიკული ბედი“, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა.

"ინტერფაქსი“ 20 მაისს კოსაჩევის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ ეს არის საქართველოს მცდელობა საკუთარი სახელმწიფოებრიობა დაიმკვიდროს რუსეთის ხარჯზე და ასევე "მისწრაფება თანამედროვე რუსეთის მაქსიმალურად ანტაგონიზირების და მისი როგორც ქართველი ხალხის, ისე ყველა სხვა იმ ხალხების უბედურების საწყისად წარმოჩენის, რომლებიც თავის დროზე ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიაში, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირში“. 

"ვწუხვარ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ ვერ გაუძლეს ცდუნებას საკუთარი ნაციონალისტური კომპლექსების რეალიზება მოეხდინათ სხვა ხალხების ხარჯზე,“– განაცხადა  კოსაჩევმა.

20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი განადგურება და დეპორტაცია გენოციდის აქტად აღიარა.

Civil.Ge © 2001-2024