საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 May.'11 / 22:56


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ 21 მაისის საღამოს შეკრებილი მომიტინგეები,
რომლებთაც áƒšáƒ˜áƒ“ერები სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ. 
კოსტავას ქუჩის ეს მონაკვეთი გადაკეტილია. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შაბათს შუადღისას თავისუფლების მოედანზე დაწყებული საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაგრძელდა, რომლის დროსაც ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით „ბოლომდე იბრძოლებენ“.

ათასობით მომიტინგე, რომელთაც თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრი გაიარეს საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, ტელევიზიისგან სახალხო კრების ლიდერებისთვის საეთერო დროის გამოყოფას ითხოვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს აქციას, ხოლო პირველმა არხმა 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის მხოლოდ მონაკვეთები ჩართო.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რამდენიმეჯერ განუცხადა მომიტინგეებს, რომ ისინი არ უნდა დაიშალონ და დარჩნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ.

„დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიშალოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ ველოდებით, რომ უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება,“ – მიმართა ბურჯანაძემ მომიტინგეებს შაბათს საღამოს.

სახალხო კრების ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა უთხრა მომიტინგეებს: „ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და დაშლას არ ვაპირებთ. მთელი ღამე დავრჩებით აქ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ხვალისთვის უფრო მეტ ხალხს ელოდებიან.

"ჩვენ მოთმინება და გამძლეობა გვჭირდება,“ – განაცხადა ბათიაშვილმა.

აქციაზე სხვა გამომსვლელები ხშირად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ. ისინი დროდადრო იმეორებდნენ, რომ უფრო მეტი ხალხის შეერთებას ელიან.

"უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება, როდესაც დაინახავენ, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ აქ,“ – განაცხადა ბათიაშვილმა.

ნინო ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველაზე ის მათი მხარდამჭერი, რომლებიც ბოლო სამი დღის მანძილზე და დღეს დააპატიმრეს. "ეს ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და აქედან არ წავალთ, სანამ ჩვენ მხარდამჭერებს არ გაათავისუფლებენ,“ – განაცხადა მან.

სახალხო კრების საპროტესტო აქციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ.

მას შემდეგ, რაც 21 მაისის საღამოს ტელევიზიის წინ მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო პრობლემა.

“მერე რა. ასე იყო ვარდების რევოლუციოის დროსაც. 500 კაცი რჩებოდა პარლამენტის წინ... გაცილებით ნაკლები იყო წნეხი "ცეკას“ ყოფილი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, ვიდრე დემოკრატი სააკაშვილისგან არის დღეს,“– განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც 2003 წლის რევოლუციური სამეულის ერთ–ერთი ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილთან და აწ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთან ერთად. 

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ მეც ვარ მონაწილე, რომ პროგრესის ნაცვლად ამ ქვეყანაში უფრო მეტი პრობლემები მოვიტანეთ, რეალური პრობლემები, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რომლებიც ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება.
თითებს დავიკვნეტ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები,"– განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "პატარა საფუძველიც არ არსებობს რაიმე საფრთხის შემცველი“.

"ყველამ დაინახა, რომ ყველა ის განცხადება, ყველა ის გეგმები, რაც ჰქონდათ ამ ადამიანებს, იყო ყალბი და არასერიოზული. ამიტომ არასერიოზულ ქმედებებზე ჩვენ გვექნება რეაქცია ანუ არავითარი რეაქცია არ გვექნება,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

"დღეს იმდენად ცოტანი, იმდენად სუსტები არიან ეს ადამიანები, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ არც იმის რასაც ამბობენ და არც იმის მეასედის, რასაც ისინი ხშირად იქადნიან,“– აღნიშნა მან.   

Civil.Ge © 2001-2024