საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეტაკებები მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 May.'11 / 14:03

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ 22 მაისს ორი ინციდენტი მოხდა; ერთ–ერთი მათგანის დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პირველი ინციდენტი კვირას დილით მოხდა, როდესაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა–შემოხლა მოხდა; მომიტინგეებმა პოლიციის მანქანა დროშის ტარებით დააზიანეს და მისი ფანჯრები ჩაამსხვრიეს. მომიტინგეების თქმით, მათ პოლიციასთან "დაპირისპირება“ მოუხდათ, რადგან სახალხო კრების რამდენიმე აქტივისტის გატაცებას ცდილობდნენ. მას შემდეგ, რაც მანქანამ ინციდენტის ადგილიდან წასვლა მოახერხა, პოლიციელების ცალკე ჯგუფმა მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს. ასევე გამოჩნდა კვამლის სქელი თეთრი ღრუბელი. რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სულ ცოტა ერთი ადამიანი, მოხუცი ქალბატონი ინციდენტის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს–მ განაცხადა, რომ მომიტინგეთა თავდასხმა სამ პოლიციელზე და მათ მანქანაზე პროვოცირებული არ იყო. „აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში...  თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს,“ – განაცხადა შსს–მ და დასძინა, რომ ინციდენტის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. განცხადების თანახმად, "დაკავებული იქნა აქციის რამოდენიმე მონაწილე“.

კიდევ ერთი ინციდენტის დროს, რომელიც იმავე ადგილას რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, მომიტინგეებსა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ უცნობ პირთა ჯგუფს შორის შეხლა–შემოხლა მოხდა. ამ ჯგუფს იგივე პლასტმასის ტარები ეკავათ, როგორებიც მომიტინგეებს და რომლებიც დროშის ტარებად გამოიყენება. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეებმა განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ „პოლიციის მიერ მომიტინგეებში შეგზავნილი პროვოკატორები“. ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ მთელი ღამე გაათენა. აქცია ამჟამადაც გრძელდება და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „რევოლუცია უკვე დაიწყო“.

"ის ხელისუფლებამ და მისმა უკანონო ქმედებებმა გამოიწვია,“ – განაცხადა მან 22 მაისს.

 

Civil.Ge © 2001-2024