ოქრუაშვილი: '25 მაისს ვბრუნდები საქართველოში'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 May.'11 / 14:16

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის 25 მაისს იქნება საქართველოში, რათა "დავამთავროთ“ სააკაშვილის ხელისუფლება.

“პირობას ვაძლევ ხალხს, რომ 25 მაისი იქნება ბოლო დღე ამ ხელისუფლების. 25 მაისს მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვბრუნდები საქართველოში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ,“– განუცხადა მან ტელეკომპანია "მაესტროს“  სატელეფონო ინტერვიუში.

მისი თქმით, "ის ძალადობა, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა საკუთარ ხალხზე. არ დარჩება უკვალოდ“.

ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლიდან, როდესაც ის ოპოზიციაში წავიდა, საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. საქართველოში მას 2008 წლის მარტში დაუსწრებლად 11–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ოქრუაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გამოაცხადა იმ საპროტესტო აქციასთან შეერთების გადაწყვეტილება, რომელიც სახალხო კრებამ 21 მაისს დაიწყო. მისი თქმით, "გადამწყვეტი ბრძოლა რეჟიმის შეცვლისთვის“ 25 მაისს იწყება, რაც "უნდა ვაქციოთ ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“.

Civil.Ge © 2001-2024