რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საარჩევნო რეფორმის ირგვლივ გაერთიანებული რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში შედიან და მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებენ, დაგმეს "ძალადობა“ ხელისუფლების მხრიდან და ვითარების შემდგომი ესკალაციის წინააღმდეგ გააფრთხილეს. "აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ სახალხო კრების აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩათრევასაც,“– განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ. "მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და პოლიტიკურ ძალებს, არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და არ ჩაერთონ ძალადობის ესკალაციაში, რაც ქვეყნისათვის სავალალო შედეგებით დასრულდება,“– ნათქვამია განცხადებაში. "ამ პროტესტის გამომწვევი არის ხელისუფლება და სწორედ მასზეა პასუხისმგებლობა, რომ დღეს აქციები იმართება, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს არ ათავისუფლებს. მთავარია, რომ პოლიტიკური პროცესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვითარდეს ძალადობრივი გზით,“– აცხადებს კაციტაძე პარტიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში. 21 მაისს სახალხო კრების მიერ ხელისუფლების შესაცვლელად დაწყებულ აქციას ქართული პარტია შეუერთდა მას შემდეგ, რაც 22 მაისს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. იმავდროულად, ირაკლი ალასანიას პარტია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში გმობს“ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას“, რომელმაც "აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან“. “თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ მთავრობას "ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააყენოს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე“. ქრისტიან–დემოკრატებმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც "ფეთქებადსაშიში“, რომელშიც „ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს“. ამასთან, ქრისტიან–დემოკრატები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედონ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობას. “ქრისტიან-დემოკრატები ვგმობთ ძალადობას ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის და მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება,“– ნათქვამია განცხადებაში. |
|||
Civil.Ge © 2001-2025