![]() |
|||
"იქნება პირდაპირი შესაძლებლობა იმისა, რომ მთელმა საქართველომ და მათ შორის საზღვარგარეთმა უყუროს რა ხდება ამ მოედანზე და თუ ხელისუფლება გაბედავს ამ მოედანზე პროვოკაციას, მას მოუწევს იგივეს განმეორება, რაც გააკეთა თავის დროზე [2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია] "იმედის“ დარბევის დროს, რაც იყო კატასტროფული შეცდომა, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ხელისუფლებას... გაცილებით ძვირად დაუჯდება ახლა დამოუკიდებელი ტელევიზიის და ტელეეთერის დარბევის მცდელობა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ დარბევის საშუალებას არ მივცემთ,“– განუცხადა სახალხო კრების და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს. ტელეკომპანია "მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელია ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, ხოლო კომპანიის აქციების 25%–ის მფლობელია ამავე პარტიის თანადამფუძნებლის ლევან გაჩეჩილაძის ძმა, გია გაჩეჩილაძე, 25%–ს კი ფლობს დიზაინერი მაკა ასათიანი, რომლის მეუღლეც, კოტე გოგელია ასევე ქართულ პარტიასთან ასოცირდება. ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა, რაც ნაკლებია გუშინდელთან შედარებით, "არ არის საკმარისი“ და უნდა მოხდეს "ძალების მაქსიმალური მობილიზაცია“, რაშიც თავისი წვლილს ასევე შეიტანს ქართული პარტია, რომელიც აქციებს დღეიდან შეუერთდა. "თუ ჩვენ ვიქნებით თუნდაც ხვალვე იმ რაოდენობის ადამიანები, რაც საკმარისია კრიტიკული მოქმედებებისათვის... ჩვენ ერთი წამით არ დავიხევთ უკან,“– მიმართა ბურჯანაძემ მომიტინგეებს, თუმცა იქვე დასძინა: "ჩვენ აქედან ფეხსაც არ მოვიცვლით. რამდენიც ვიქნებით, იმდენი ვიბრძოლებთ“. მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო კრების "კარი ღიაა" ყველა სხვა პოლიტიკური პარტიისთვის, მაგრამ "რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ოდნავი ხინჯიც კი გაგვიჩნდეს რაიმე გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით“. მისი ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ოფისებში საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025