ბურჯანაძე: სახალხო კრება მისთვის მიუღებელ მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'11 / 14:49

სახალხო კრება იმ შემთხვევაში იმოქმედებს ქართულ პარტიის ერთ–ერთ ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან კოორდინირებულად, თუ მისი მოქმედებათა სქემა „კრებისთვის“ მისაღები იქნება, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 22 მაისს განაცხადა, რომ საქართველოში 25 მაისს დაბრუნდება და "როგორც მინიმუმ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დავასრულოთ დიდი დანაკარგების გარეშე“.

“სახალხო კრებას აქვს მშვიდობიანი გეგმა და არანაირი დანაკარგების წინასწარ დაშვებას ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ,“– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“თუ ბატონი ოქრუაშვილის მოქმედებები ჩაჯდება იმ სქემაში, რაც მისაღებია სახალხო კრებისათვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, თუ არა და ბუნებრივია სახალხო კრება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მისი სახელით ან მისი აქციების პარალელურად, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქუდით არ დაუშვებს რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც სახალხო კრებისათვის არ არის მისაღები,“– აღნიშნა მან.

ბურჯანაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აქციები არის სახალხო კრების ორგანიზებული, რომელსაც რიგ ორგანიზაციებთან ერთად "მხარი დაუჭირა ქართულმა პარტიამაც“. "ეს არ არის ერთობლივი აქცია,“– აღნიშნა მან.

ქართული პარტია სახალხო კრების მიერ დაწყებულ აქციებს მეორე დღეს, 22 მაისს მას შემდეგ შეუერთდა, რაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ინციდენტები მოხდა. თუმცა ვიდრე აქციას შეუერთდებოდა ქართულმა პარტიამ 25 მაისი „ქართველი ხალხის მრისხანების“ დღედ გამოაცხადა და ოთხშაბათისთვის ავლაბრის მოედანზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის სიახლოვეს მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ლიდერებს შორის მოქმედებათა გეგმის შეთანხმების მიზნით 22 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხოლოდ ის გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომ აქცია კვლავაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაგრძელდებოდა და ამავე ადგილიდან დაიწყებოდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა. თუმცა ორშაბათს დილით ტელეკომპანიამ უარყო ეს შეთანხმება და განაცხადა, რომ ის, როგორც "დამოუკიდებელი მედიასაშუალება“, არ აპირებს საპროტესტო აქციებში რაიმე ფორმით ჩართვას.

Civil.Ge © 2001-2024